პუბლიკაციები

ინტერვიუ ელისო რუხაძესთან

ელისო რუხაძე ელისო რუხაძე არასამთავრობოს ორგანიზაცია "საფარის" იურისტია. ეს ორგანიზაცია 2001 წლიდან ქალთა უფლებების დაცვისთვის აქტიურად მუშაობს. ელისო 2005 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებებს იცავს, ბოლო ორი წელი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს სასამართლოს გზით დავების მოგვარებაში ეხმარება.

- რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს?

- სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და იურიდიული დახმარების შესახებ კანონი უზრუნველყოფს მსხვერპლი ქალების დაცვას აბსოლუტურად უსასყიდლოდ. თუ მსხვერპლებს აქვთ დავა ადმინისტრაციული ან სამოქალაქო წესით, მაშინ სახელმწიფო მათ წარმომადგენლით უზრუნვეყოფს და სასამართლოში უფასოდ უმზადებს საჭირო დოკუმენტებს. ეს ვალდებულება სულ ახლახანს აიღო იურიდიული დახმარების სამსახურმა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად სახელმწიფოში სხვადასხვა მექანიზმები არსებობს: შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი და გამოძიების წარმოება. სახელმწიფოში ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, სადაც ქალებსა და ბავშვებს გარკვეული დროით შეუძლიათ დარჩენა.

- შეუძლია თუ არა მსხვერპლს უარი თქვას მოძალადე ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე?

-მსხვერპლს, კანონის მიხედვით აქვს უფლება ჩვენება არ მისცეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა, ეს ყოველთვის უარყოფით შედეგს იწვევს. უარყოფითი შედეგი კი ისაა, რომ მოძალადესთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება და დამნაშავე აღმოჩნდება თავისუფალი.

- შეუძლია თუ არა მოძალადე ქმარს, რომ შვილებზე სრული მეურვეობა მოიპოვოს?

-მოქმედი კანონმდებლობა, ითვალისწინებს თანაბარ უფლებებს, როგორც ცოლისთვის, ისე ქმრისთვის. თუმცა, მოძალადე ქმარს არ შეუძლია მოიპოვოს სრული მეურვეობა ბავშვებზე. სრული მეურვეობა შესაძლებელია მშობლის უფლების სრულად ჩამორთმევის შემთხვევაში, რაც ძალიან იშვიათია. რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვას, კანონის მიხედვით ეს შესაძლებელია, როდესაც მშობელი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ამით მძიმე გავლენას ახდენს შვილებზე. მხოლოდ ამის დადგენის შემთხვევაში შეიძლება მშობელს შეეზღუდოს რაიმე უფლება. მთავარი პრობლემა შეშინებული მსხვერპლების ეს არის ხოლმე, კითხულობენ ქმარი ხომ არ წაართმევს მათ ბავშვს. პასუხია არა, პირიქით, თუ ძალადობის შემთხვევა დადასტურდება, პირიქით, დედას შეუძლია მოითხოვოს მოძალადე მამისთვის მშობლის უფლებების შეზღუდვა.

- რა უფლება აქვს ქალს ქონებაზე, რომელიც ქორწინების დროს მეუღლეებმა ერთდროულად შეიძინეს?

-თუ მეუღლეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ გააჩნიათ თანაბარი უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ერთად ცხოვრების განმავლობაში შეიძინეს. ანუ, განქორწინების შემდეგ ქონების ნახევარი ცოლს ეკუთვნის, ხოლო მეორე ნახევარი ქმარს.

- თუ ცოლ-ქმარი განქორწინდება, აქვს თუ არა ხელის გაწერის შემდეგ ცოლს უფლება მოითხოვოს წილი ქონებიდან, რომელიც ერთად ცხოვრების დროს შეიძინეს?

- თუ წყვილი იმყოფებოდა ქორწინებაში და შემდეგ მათ განქორწინება გადაწყვიტეს, ცოლს უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში მოითხოვოს თავისი წილი ქონება.

- რის მიხედვით განისაზღვრება ალიმენტი მსხვერპლისა და მოძალადის საერთო შვილებზე?

- ალიმენტის ოდენობაზე, ზოგადად, მშობლები უნდა შეთანხმდნენ. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, მაშინ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ალიმენტის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე ბავშვების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ სასმართლო განსაზღვრავს რა შემოსავალი აქვს მშობელს და რა საჭიროება აქვს შვილს და ამის მიხედვით განისაზღვრება თანხაც. ფაქტობრივად, არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლო მშობელს ალიმენტს არ დააკისრებს.

- თუ ერთი მშობელი არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს,მაშინ რა ხდება?

-თუ მშობელი ალიმენტს არ იხდის, მაშინ, მეორე მშობელმა უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბავშვმა დროულად მიიღოს ალიმენტი. პრაქტიკულად, თუ ალიმენტდაკისრებულ მშობელს არაფერი არ აქვს, ვერც აღსრულების ეროვნული ბიურო გააკეთებს რამეს, მაგრამ ასეთი მშობელი შეყავთ მოვალეთა სიაში და მისი ქონებას ყადაღა დაედება.

- ალიმენტის გარდა, შეუძლია თუ არა მსხვერპლს მოითხოვოს დამატებით რაიმე შვილებისთვის?

-შესაძლოა, რომ მშობელს ალიმენტის გარდა, კიდევ დამატებითი ხარჯების გაწევაც დაევალოს. ეს, როგორც წესი, არის განსაკუთრებული შემთხვევა, მაგალითად: ბავშვი ავარიაში მოყვა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ან ბავშვი რაიმე ოლიმპიადაზე, შეჯიბრზეა და ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება და ა.შ

- რა სევირსებს სთავაზობს “საფარი” მსხვერპლ ქალებს?

-ორგანიზაცია საფარი 2001 წლიდან აქტიურად იცავს ქალების უფლებებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის პირველი თავშესაფარი სწორედ ჩვენ გქვონდა. ამ ეტაპზე, მსხვერპლ ქალებს ჩვენ ვთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო საქმეებზე. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან და როდესაც ჩვენთან მსხვერპლი ჩვენთან მოდის, მას სრულფასოვან დახმარებას ვთავაზობთ ხოლმე. “საფართან” დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ: 0322 30 76 03

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა