ინტერვიუ

ინტერვიუ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროს ეთერ ცხაკაიასთან ინტერვიუ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროს ეთერ ცხაკაიასთან

ავტორები:  გვანცა ხომერიკი, სალომე ჩხიკვაძე

ეთერ ცხაკაია წლებია  ბავშვთა დაცვის საკითხებზე მუშაობს. მისი  თქმით,  ხარვეზების გამოსწორების მიზნით  N437 დადგენილება შეიქმნა, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების საკითხებს, ასევე  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმას, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდას შეეხება. ეთერ ცხაკაიას თქმით, საქართველოში ცალკეული სერვისები ფემიციდის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ეს, შესაძლოა, იყვნენ ფემიციდის შედეგად დაობლებული ბავშვებიც. ცხაკაიას თქმით ფემიციდის შედეგად დაობლებულ ბავშვებზე პასუხისმგებლობას ხშირ შემთხვევაში სოციალური მუშაკი იღებს,  რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს: ის არის მენეჯერი, რომელიც იკვლევს ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, ასეთ ბავშვები  სარგებლობენ   ფსიქოლოგის დახმარებით. გარდა ამისა, სოციალური მუშაკი ადგენს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და შემდეგ ის ცდილობს ამ გეგმის განხორციელებას გადასინჯვისა და მონიტორინიგს დადგენილი წესის მიხედვით. ასევე, სოციალური მუშაკი არის ბავშვის ინტერესებისა და უფლებების დამცველი და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს როგორც კონსულტირებას, ასევე ადვოკატირებას საჭირო სტრუქტურებთან.

როგორც ცხაკაია ამბობს,  ყოველი ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალური და განსხვავებულია.  ბავშვის  საჭიროებების გამოვლენისთვის ხორციელდება მისი სიღრმისეული შეფასება, რათა ბავშვის შეხედულებები და სურვილები  გათვალისწინებული იქნას.  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სურვილები ასაკის შესაფერისი  იყოს და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს  შეესაბამებოდეს

 სოციალური მუშაკი აღმოაჩენს, აფასებს   პრობლემას და შემდეგ სახელმწიფოს ხელთ არსებული სერვისებით  ცდილობს  მის  მოგვარებას.  მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების საკითხს, არაფორმალურ აქტივობებში ჩართვას, განათლების საკითხებს,   ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაციას, ოჯახის დამხმარე მომსახურებებში ჩართვას. 

ცხაკაიამ აღნიშნა, რომ  ამ რთული მისიის შესასრულებლად, სოციალურ მუშაკს  კეთილმოწყობილი და მშვიდი სამუშაო პირობების შექმნასთან ერთად  მუდმივი პროფესიული გადამზადება ესაჭიროება. ამ კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ახალი კანონი ‘’სოციალური მუშაობის შესახებ’’, რომლის ამოქმედება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბავშვის   ჩამოყალიბებაზე.

ეთერ ცხაკაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელია, რომ ისინი შეძლებისდაგვარად, დარჩნენ ნათესაური აღზრდის გარემოში, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ სასურველია, რომ მას მიენიჭოს სამართლებრივი სტატუსი და განხორციელდეს მისი შვილად აყვანა, რადგან ასეთი ბავშვებისთვის, მნიშვნელოვანია,რომ მათზე ზრუნავდნენ და ეს ზრუნვა იყოს სტაბილური. ისინი ვერ უნდა გრძნობდნენ იმ ფაქტს, რომ მათ არ ჰყავთ ბიოლოგიური მშობლები გვერდით, ამიტომ მათზე მუდმივი ზრუნვა და ყურადღება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა შემდეგ მათ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ასევე მნიშვნელოვანია, ფემიციდის შედეგად დაობლებული ბავშვების თავისუფალი დროის სწორედ ორგანიზება, ასეთი ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესებში, სპორტულ აქტივობებში და სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ ღონისძიებებში.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა