ინტერვიუ

ინტერვიუ ფსიქოლოგთან ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ავტორები:  ნატუკა ლომაძე, ანა დემეტრაშვილი

 

როგორ აისახება ფემიციდთან დაკავშირებული ტრავმა ბავშვებზე    

მსგავსი მატრავმირებელი მოვლენა ძალიან მძიმედ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ასეთ მოვლენაზე საპასუხო რეაქციად შეიძლება განვიხილოთ ენურეზი (უნებლიე შარდვა), ძილის დარღვევები, დისოციაცია, შფოთვა, ფსიქოსომატური დარღვევები, აგრესიული ქცევა და სხვ.

განურჩევლად განშორების მიზეზისა,  მცირეწლოვანი ბავშვის მშობლისგან იძულებითი სეპარაციის დროს ბავშვის გულისცემა ჩქარდება, სხეული  დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონებს (კორტიზოლს და ადრენალინს) გამოყოფს. აღნიშნული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით გამოყოფა აზიანებს ნერვულ უჯრედებს, რასაც მივყავართ ტვინის სტრუქტურის დაზიანებამდე. 

ოპტიმალური ფუნქციონირებისა და ადაპტაციისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიონალების მყისიერი რეაგირება და ინტენსიური მუშაობა; როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხარდაჭერა სპეციალისტებისა და საზოგადოების მხრიდან.

რა ასაკიდან შეიძლება გაიგონ მათ ამის შესახებ? და იმ შემთხვეაში, თუკი ეს ბავშვები მოზრდილები იყვნენ და ბავშვობაშივე გაიაზრეს რაც მოხდა, რა ასაკიდან შეიძლება მათთან ამ ტრაგედიაზე საუბარი?

ცხოვრებაში, ნებისმიერი ნეგატიური მოვლენის აღქმა არის ინდივიდუალური და ეს დიდწილად დამოკიდებულია არა ადამიანის  ასაკზე, არამედ მისი განვითარების დონეზე. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა პირობებში მოხდა ეს ტრაგედია, როდის მოხდა, ვინ იყვნენ მასში მონაწილე პირები, შეესწრო თუ არა შემთხვევას ბავშვი  - ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და გაანალიზებით იგეგმება შესაბამისი ინტერვენცია.

რამდენად საჭიროა ამ ბავშვებისთვის ფსიქოლოგის ყოლა და რა სიხშირით არის  რეკომენდებული?

აუცილებელია ფსიქოლოგმა იმუშაოს ტრამვირებულ ბავშვთან. სამუშაო სპეციფიკა, მათ შორის ვიზიტების სიხშირე, ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე განისაზღვრება.

თუ არის შემთხვევები, როცა ფემიციდის მსხვერპლ ბავშვებს შურისძიება უნდათ?  ამ დროს რა ტაქტიკას მიმართავს   ფსიქოლოგი?

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვზე ძალადობა არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც უშუალოდ მას ეპყრობიან უხეშად. ბავშვი ძალადობის მსხვერპლია მაშინაც, როდესაც ის ხდება ასეთი მოვლენის შემსწრე.   აგრესია და შურისძიების სურვილი, რომელიც მშობლის მკვლელობის შედეგად ბავშვს უჩნდება, სრულიად ბუნებრივი, გასაგები და მოსალოდნელია. ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გამოხატოს ის აგრესია, რომელიც მას უჩნდება. მაგრამ აგრესია, უნდა გამოიხატოს კონსტრუქციული გზით, მაგალითად თერაპიული მუშაობის პროცესში შესაბამისი სავარჯიშოების დახმარებით. 

განსხვავებულია თუ არა   ემოციური პასუხი და მასთან მიდგომა  ბავშვის სქესის მიხედვით?  

ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. მნიშვნელობა აქვს კულტურულ კონტექსტს, იმას თუ როგორი ურთიერთობა იყო დედა-შვილს შორის, რა ასაკის არის ბავშვი და ა.შ. მაგალითად, საქართველოში ბიჭებს პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ მათი ვალია იყვნენ ძლიერები, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ის ქალები, რომლებიც მათ ირგვლივ იმყოფებიან. ამის გათვალისწინებით, შურისძიების სურვილი შეიძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს სქესის მიხედვით. ასევე ემოციურობაც. ვინ უფრო ემოციურად აღიქვამს პრობლემას, დამოკიდებულია არა სქესზე, არამედ პიროვნულ მახასიათებლებზე და გარემო პირობებზე.  თუმცა, გოგონებისთვის სეპარაცია უფრო მტკივნეული პროცესი შეიძლება  კონკრეტული მიზეზების გათვალისწინებით. მაგალითად, მოზარდ გოგონას,   სქესობრივი მომწიფებს ასაკში, როცა პირველი მენსტრუალური ციკლი ეწყება,   განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება დედის მხრიდან.

რას აკეთებენ ფსიქოლოგები იმისთვის, რომ ფემიციდის მსხვერპლი ბავშვები არ განსხვავდებოდნენ სხვა ბავშვებისგან? რა საუკეთესო მაგალითები არსებობს, როგორია საერთაშორისო ახალი ცოდნა? რა მიდგომებს ირჩევენ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას ფსიქოლოგები და რა შედეგები მიგვიღია ამ ეტაპზე?  

ტრავმის შემდგომ ბავშვის რეაბილიტაციას ხელს უწყობენ ფსიქოლოგები. ტრავმულ სტრესსზე მუშაობის რამდენიმე ეფექტური მიდგომა არსებობს, მათ შორის თამაშით თერაპია და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია. კარგი იქნება თუ დავიწყებთ კვლევებით, რისი ნაკლებობაც საქართველოში ნამდვილად არის. ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა