ფემიციდი

ბავშვები უცქერდნენ, როგორ მოკლა მამამ დედა

ავტორი: დუიგუ გასიმლი

2016 წლის 9 დეკემბერს, 29 წლის ელენე შიუკაშვილი მამამისის სახლში ქმარმა მოკლა. ინციდენტი საქართველოში, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ქმართან მომხდარი ჩხუბის დროს ქალი თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. ქმარმა მას სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მკვლელი კი – რამდენიმე კვირაში.

ელენე შიუკაშვილი

შიუკაშვილი და ავთო ბეჟუაშვილი 15 წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – 12 და 9 წლის. გარდაცვლილის დედის, ნინო შიუკაშვილის თქმით, ურთიერთობა გარდაცვლილებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქმარი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა. 15–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელენემ ბოლოს ქმრის დატოვება და, ბავშვებთან ერთად, მამის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ოფიციალურად გაყრა არ გაუფორმებიათ, ელენეს კი სურდა, მაგრამ ქმარი არ იყო თანახმა. ელენე ღვინის ქარხანაში მუშაობდა. მშობლების სახლში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე, ქმარმა მოინდომა მისი მონახულება და მოკვლით დაემუქრა. ცოლი შინ არ დაუხვდა, სამაგიეროდ ბებიას შეხვდა და დაუბარა, რომ თუ გაყრას გადაწყვეტდა, აუცილებლად მოკლავდა. უჩა ნანუაშვილის, საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მსგავს შემთხვევებში ოჯახის წევრმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას დაჩქარებული გამოძიების დასაწყებად.

 რა მოხდა მკვლელობის დღეს?

სახლი სადაც მკვლელობა მოხდა

 ნინო შიუკაშვილის გადმოცემით, მათ ოჯახში ერთი რიგითი დღე გათენდა. ყველანი შინ იყვნენ და ერთად ისხდნენ, როცა ბეჟუაშვილი უცებ წამოადგათ თავს და ცოლს ესროლა: „ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება და ლაპარაკი (ტირის). 9 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ყველანი შინ ვიყავით. ელენეს პაპა ავად იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ სახლში. ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაატარეს და წავიდნენ. 5–10 წუთში კი ეზოში ავთო შემოვიდა, ელენეს თავში ესროლა სანადირო თოფი და გაიქცა. სასწრაფო დახმარება ხელახლა გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ელენე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენი სახლიდან 500 მეტრში ავთომ იმავე თოფით თავის მოკვლა სცადა. სასწრაფო დახმარებამ ის გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ორ კვირას იცოცხლა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე, პალატაში გარდაცვლილა“.

ბავშვები?

 ორი ბავშვი ახლა დედის ოჯახში იზრდება, თუმცა რამდენჯერმე შეხვდნენ მამის მშობლებსაც. „ბავშვებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს, – იხსენებს ნინო შიუკაშვილი, – ნახეს, როგორ მოვიდა მამა და როგორ მოუკლათ დედა. ამ ამბავმა მათ ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა. ყოველ პარასკევს თბილისიდან ჩამოდის ფსიქოლოგი, რომელსაც ხვდებიან და ესაუბრებიან“. საბინა ალაკბაროვა, რომელიც აზერბაიჯანში ფსიქოლოგიის ცენტრში მუშაობს ფსიქოლოგად, ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია ბავშვის ფსიქიკაზე დაუვიწყარ კვალს ტოვებს და შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეს: „ყველა ფიქრობს, რომ როცა გაიზრდებიან, ტრაგედიას დაივიწყებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს ამბავი მათ მომავალშიც შეახსენებს თავს, შესაძლოა სიყვარულის ბუნებრივი განცდის უნარი დაკარგონ, შეიძლება დაკარგონ ნდობაც ადამიანების მიმართ. აკბაროვას თქმით, ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მოზარდობის ასაკია, სწორედ ამ ეტაპზე ბავშვებზე მზრუნველების როლი უმნიშვნელოვანესია“. რა ხდება საქართველოში მაშინ, როცა ერთ მეუღლეს განქორწინება სურს, მეორე კი წინააღმდეგია? იურისტი თამარა გურჩიანი, რომელიც USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა ACCESS–ში მუშაობს, ამბობს, რომ განქორწინებისთვის ადამიანს შეუძლია სასამართლოს მიმართოს: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ ქალი და კაცი ერთდროულად მიმართავს რეესტრს, საქმის მოგვარებას ნახევარ საათში შეძლებენ, მაგრამ თუ ერთ–ერთი მხარე განქორწინებისთვის მზად არაა, მაშინ განქორწინების მოსურნე მხარემ სასამართლოს უნდა მიმართოს. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ სასამართლოს გამოაქვს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, 21 ნოემბერს, ინციდენტამდე სამი კვირით ადრე, ავთო ბეჟუაშვილი პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენის, ფლობისა და ტარების ბრალდებით დააკავა, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ გირაოს საფუძველზე ბეჟუაშვილი გაათავისუფლა. გურჩიანის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს, როცა პოლიცია აღმოაჩენს, რომ ერთ–ერთი წევრი არალეგალური იარაღით დადის, საჭიროა შემაკავებელი ორდერის დაწესება ეჭვმიტანილზე, რათა მან მეუღლესთან ახლოს მიკარება ვერ შეძლოს. საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებგვერდის ombudsman.ge–ს მიხედვით, 2016 წლის პირველ ათ თვეში 13 ქალია მოკლული. ეს მკვლელობები ოჯახში ძალადობის კატეგორიას ეკუთვნის. მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ძალადობრივი შემთხვევების მაჩვენებელიც. 2 ათასზე მეტ შემთხვევაში პოლიციამ დამცავი ზომები მიიღო. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცავმა უწყებებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღკვეთა ვერ მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ აწვდიდნენ შეტყობინებებს.

ამ შემთხვევაში კი, მკვლელის გარდაცვალების მიუხედავად, სისხლის სამართლის 108–ე მუხლის მიხედვით, საქმე მაინც აღიძრა.